თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. C–ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დიაგნოსტიკური გამოკვლევა აბსოლუტურად უფასო გახდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
პრემიერის განცხადებით, აქამდე მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად მოქალაქეებს 140–დან 360 ლარამდე თავნხის გადახდა უწევდათ.
„საქართველო ყველაზე წარმატებული ქვეყანაა და ჩვენ გვაქვს შანსი, გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც მოახდენს C–ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო. ბუნებრივია, ჩვენ პერიოდულად ვახორციელებთ მასში გარკვეულ ცვლილებებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს დღეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტების სრულიად უფასოა. C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული პროგრამის ანალოგი არსად არ ყოფილა მსოფლიოში.
С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს პრეპარატ „სოვალდის" ურიგებენ.
პროგრამა შეიძლება 2020 წლისთვის დასრულდეს, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროულად ისარგებლონ უფასო მკურნალობით.
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის თითქმის 8% С–ჰეპატიტის მატარებელი იყო, ამიტომ ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.