ცნობილია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის ვინაობა

© The First Chanellკახაბერ ქემოკლიძე
კახაბერ ქემოკლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, რომელსაც ქემოკლიძე უხელმძღვანელებს, პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის დაქვემდებარებაში არსებული ანალიტიკური ცენტრი იქნება.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.

უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, რომელსაც ქემოკლიძე უხელმძღვანელებს, პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის დაქვემდებარებაში არსებული ანალიტიკური ცენტრი იქნება. 

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
საქართველოში უშიშროების საბჭო გაუქმდა

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო დაიშალა და შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

კახაბერ ქემოკლიძე - დოსიე

კახაბერ ქემოკლიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 2018 წლის აპრილიდან ეკავა.

2007 წელს თსუ-ს წარმატებით დამთავრების  შემდეგ, 2010-2011 წლებში ევროკომისიის სრული სტიპენდიით ლეიდენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) განაგრძო სწავლა.

2008 წელს, აშშ-ის მთავრობის სრული სტიპენდიით სტაჟირება გაირა სიეტლში (აშშ, ვაშინგტონის შტატი), არასამთავრობო ორგანიზაცია EarthCorps-ში.

2005-2010 წლებში კახაბერ ქემოკლიძე საქმიანობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. საჯარო სექტორში მუშაობა 2011 წელს, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში უფროსი ანალიტიკოსის პოზიციიდან დაიწყო.

2012-2013 წლებში ის გახლდათ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2015 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მოგვიანებით კი ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
რა დავალებები მისცა პრემიერმა ბახტაძემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს

2015-2018 წლებში ქემოკლიძემ საქმიანობა განაგრძო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს), საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე.

2012 წლის ივნისიდან 2018 წლის აპრილამდე, ის იყო შსს-ს, მოგვიანებით სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე (GID) და ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე (ერგნეთი /გალი).

2016-2018 წლებში ის ასევე იყო ცენტრალური ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების „სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის“ შეხვედრებზე.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც სახელმწიფო უშიშროების, საგარეო და საშინაო, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული, სამოქალაქო, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებს იხილავს.

მთავრობის მეთაურის გარდა, საბჭოს მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის გაცნობის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში საბჭოს სხდომაზე შეიძლება საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა პირთა მიწვევა. 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის უფლებამოსილებაში შედის საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, სხდომების მომზადება და პრემიერ-მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0