თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი მდინარიდან ამოყვანილია. შედეგად, მყვინთავებს მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყალქვეშა სივრცე, მაგრამ არასრულწლოვანის ცხედარი, რომელსაც მაშველები მესამე დღე ეძებენ, ნაპოვნი არ არის.
პარალელურად, სამაშველო ჯგუფების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერება.
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე შაბათს მოხდა. „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანა, რომელშიც სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ხევში გადავარდნამდე ხუთმა მგზავრმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო. ისინი საავადმყოფოდან იმავე დღეს გაწერეს. მაშველების მიერ ნაპოვნია გარდაცვლილი 6 ადამიანის ცხედარი.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია - მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლილებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.
სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ. ტრაგედიის გამო თუშეთობის დღესასწაული ჩაიშალა.