ჩამონგრეული კედლები და გალავანი: ანანურის სამონასტრო კომპლექსი საფრთხეშია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliანანური
ანანური - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ანანურის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ანანურის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს, დღითიდღე ზიანდება, აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტები. 

სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები, თუ როგორ ცვივა ქვები სამონასტრო კომპლექსის კედლებიდან, ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტის" წევრებმა გაავრცელეს

მათი განცხადებით, შესაბამისი სამსახურების გულგრილი დამოკიდებულის შედეგად ანანურის უნიკალური კომპლექსი ზიანდება, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია გალავანი, ქონგურები და კოშკების სახურავები.

დღეს ანანურის სამონასტრო კომპლექსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური ინსპექციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, სამონასტრო კომპლექსს დამატებით საფრთხეს ვიზიტორები უქმნიან.

„იმდენად უსისტემოდ მიმდინარეობს ვიზიტორების მიმოსვლა, რომ ეს დამატებით საფრთხეს უქმნის კომპლექსს – ვიზიტორები დადიან კედლებზე, ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა და ასე შემდეგ", – აღნიშნა  ნიკოლოზ ანთიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს დღეებში ჩაინიშნება სამუშაო შეხვედრა, სადაც, სავარაუდოდ, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელებენ. მათივე ინფორმაციით, აგვისტოს ბოლომდე დაგეგმილია სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ანანურის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. ანანურის კომპლექსი საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით ამავე სახელწოდების სოფელში მდებარეობს.

1743 წლამდე ეს ადგილი არაგვის საერისთავოს რეზიდენცია იყო. დღეისათვის ანანური ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია.

ყველა ახალი ამბავი
0