ხევსურეთი online! – სოფელ როშკაში ინტერნეტი ჩაირთო

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBხევსურეთის სოფელ როშკაში ინტერნეტი ჩაირთო
ხევსურეთის სოფელ როშკაში ინტერნეტი ჩაირთო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის დასრულების შედეგად ინტერნეტით დაფარული იქნება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი (496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი)

თბილისი, 28 ივლისი-  Sputnik. ხევსურეთის სოფელ როშკას მაღალხარისხიანი ინტერნეტი უკვე მიეწოდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფელ როშკაში ინტერნეტი ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ჩაირთო.

ხეობაში განხორციელებული სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დაათვალიერა და როშკაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

თურნავას განცხადებით,  როშკასთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდებასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას  უტარდება უფასო ტრენინგები, თუ როგორ განათავსონ თავიანთი საოჯახო სასტუმროების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ საიტზე.

„რა თქმა უნდა, პროგრამის განხორციელება ასევე აამაღლებს განათლების ხარისხს, რადგან ადგილობრივი სკოლა იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტით უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მზის ბატარეები - Sputnik საქართველო
მაღალმთიან სოფლებში მზის ელექტროსადგურები ამოქმედდება

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე - პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავისა და გუდამაყრის ხეობები.

ამ დროისთვის  სატესტო რეჟიმში უკვე ფუნქციონირებს ინტერნეტის ქსელი, რომლითაც იფარება უკანა ფშავის დასახლებები - თხილიანა, შუაფხო, მუქო, ხოშარა, მათურა, ვაკის სოფელი, ახადი, ჭიჩო, უდილაურთა, ხოლო უახლოეს მომავალში დაიფარება სოფლები - ელიაგზა, ჩათხევი, გოგოლაურთა, ზარისჭალა. ამ ეტაპზე არხოტის ხეობის (არხოტის უღელტეხილი - ზეთუკის მთა) ინტერნეტით დაფარვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შედეგად ინტერნეტით დაფარული იქნება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი (496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი).ფიზიკური პირებისთვის წამში 10 მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტის ყოველთვიური ღირებულება 25 ლარი იქნება, იმაზე იაფი, ვიდრე ბარშია. Wi-fi ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება დათვიჯვრისა და არხოტის უღელტეხილებზეც.

სამინისტროს ცნობით, ადგილობრივ ბავშვიან ოჯახებს როუტერები, IP ტელეფონები და სახლის მიმღები Wi-Fi მოწყობილობები უფასოდ გადაეცემათ.

მინისტრმა ნათია თურნავამ ბანკირებთან შეხვედრა გამართა - Sputnik საქართველო
ქართული ბანკები ქვეყნის ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად მზად არიან

პროექტი, რომელსაც ააიპ „მთის სათემო ქსელი“ ახორციელებს, 25 ათასი დოლარით ამერიკულმა ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოებამ“ დააფინანსა, 246 805 ლარით კი საქართველოს მთავრობამ.

პროექტში ჩართულია 10-მდე სხვადასხვა მხარე, მათ შორის ჩეხეთის საელჩო საქართველოში, „ვეონი საქართველო“ (ბილაინი საქართველო), დუშეთის მუნიციპალიტეტი, შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს „დიგიტალ ტექნოლოგი” („ქემბიუმ ნეთვორქს ჯეორჯია“), შპს „სქაიტელი“ და შპს „ენბი ნეტი“.

ყველა ახალი ამბავი
0