თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სპეციალისტებმა ოთხ დღეში თბილისში 24 სამშენებლო ობიექტი შეამოწმეს და თითოეულზე დარღვევები აღმოაჩინეს, ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა სამშენებლო ობიექტების შემოწმება 23 ივნისს დაიწყო, ერთ-ერთ მშენებლობაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც ლიფტის დემონტაჟის დროს 16 წლის მუშა დაიღუპა.
„შემოწმების შედეგად გამოვლინდა ძირითადად სისტემური ხასიათის დარღვევები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ობიექტებზე არ არის შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის გამართული სისტემა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ იგნორირებულია სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, დაუცველია ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები), გამოიყენება არასტანდარტული, კუსტარული ან დაკიდული ხარაჩოები, ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები, იგნორირებულია ინსტრუქტაჟი და გამაფრთხილებელი ნიშნები, გაუმართავია ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერები.
შემოწმების შედეგად 11 ობიექტზე შეჩერებულია სამუშაო პროცესი, თითოეული 30 ათასი ლარით დაჯარიმდა.
ზურაბიშვილი: მიუღებელია, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები >>
კიდევ სამი ობიექტს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დანარჩენებმა გაფრთხილება მიიღეს.
1 სექტემბრიდან შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდება და ინსპექტორების რაოდენობა 40–დან 100–მდე გაიზრდება. მათ ნებისმიერ ობიექტზე გაუფრთხილებლად შესვლის და შრომის უსაფრთხოების კუთხით შემოწმების უფლება აქვთ. ასევე, ყველა კომპანია ვალდებულია, სამუშაო ადგილებზე დანიშნოს უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც ვითარებას ადგილზე გააკონტროლებს.
შრომის უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფა საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა კანონს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უფრო მაღალი – ორგანული კანონის სტატუსი მიანიჭა.
თუ კომპანიაში ოცამდე ადამიანია დასაქმებული, უსაფრთხოების სპეციალისტი კომპანიის დირექტორი შეიძლება გახდეს, მაგრამ ამისთვის მან აკრედიტებული პროგრამა უნდა გაიაროს. თუ თანამშრომლების რაოდენობა ოციდან ასამდეა, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია, უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი დანიშნოს. 100–ზე მეტი თანამშრომლის შემთხვევაში კომპანიაში მინიმუმ ორი ადამიანისგან უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სამსახური.