თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. წყალდიდობა და სერიოზული ინფრასტრუქტურული ზარალი მოჰყვა რამდენიმედღიან გადაუღებელ წვიმას წალენჯიხასა და ამ მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდეტი შემთხვევის ადგილიდან.
უხვმა ნალექმა წალენჯიხასა და სოფლებს საჩინოს, მუჟავას, ჯგალს, ნაკიფუს, ობუჯს პრობლემები შეუქმნა – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და გზები, დაზიანდა ხიდბოგირები.
ძლიერი წვიმის შედეგად ერთდროულად ადიდდა სამი მდინარე – ინწრა, ტკიბრა და მოროჟა.
რაც შეეხება წალენჯიხას, ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში ჩაიხერგა გზები, დაზიანდა საკანილიზაციო არხები, დაიტბორა 15-მდე საცხოვრებელი სახლი, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
სტიქიის ზონაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
„დავდივართ ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად და ვაკეთებთ მონიტორინგს. ზარალი შეიძლება იყოს სოლიდური", – განაცხადა წალენჯიხის მერის მოადგილემ ცოტნე შონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას, ცოტნე შონიას თქმით, მათ მოსახლეობა „ცხელ ხაზზე“ უკავშირდება და მობილური ჯგუფებიც შესაბამისად მოქმედებენ.
მიუხედავად ძლიერი წვიმისა, წალენჯიხას ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება.
ნიკა ლატარია