ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აკეთებს და ვიდეოს აქვეყნებს

გამოწერა
ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ოპოზიციური პარტიის ერთ–ერთი ლიდერის დაკავება 20–21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება

თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ– ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“, –აღნიშნულია განცხადებაში.

ქიბარ ხალვაში (მარცხნივ) და პაატა სალია - Sputnik საქართველო
ხალვაში ოქრუაშვილზე: მისი ბავშვის ნათლია ვარ, მასზე საუბარი არ მინდა

შსს–ს ცნობით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, აცხადებენ უწყებაში.

შსს  ირაკლი ოქრუაშვილთან   და დღეს დაკავებულ  კიდევ 4 პირთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებია ასახული.

აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის წინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი". გამომძიებლებმა ოქრუაშვილი ამ საქმეების ფარგლებში გამოიძახეს.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 23 ივლისს გამოიკითხა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
ქარელი ოქრუაშვილზე: ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად ხალხს ავარჯიშებდა

ჯგუფური არეულობების ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალი უკვე წაუყენეს პარლამენტის დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და რიგი შეზღუდვები დაუწესეს.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. გახარიას სიტყვებით, პოლიცია 21 ივნისის ღამით ლეგიტიმურად მოქმედებდა და სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება გაარკვევს.

ყველა ახალი ამბავი
0