თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად კვლავ დატოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გასაუბრების 19:00 საათზე დასრულებას ითხოვდნენ.
დოლიძემ და ჯანეზაშვილმა ანალოგიური მიზეზით გასაუბრება პროტესტის ნიშნად უკვე რამდენჯერმე დატოვეს.
არამოსამართლე წევრების თქმით, დაუშვებელია, სამუშაო საათების შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების ეტაპის გაგრძელება. პროტესტის ნიშნად დღეს სხდომაზე ანა დოლიძემ ჩუსტებიც კი მიიტანა.
არამოსამართლე წევრების პოზიცია არ გაიზიარეს საბჭოს სხვა წევრებმა. ჯანეზაშვილის კითხვაზე, თუ რა აუცილებლობით არის განპირობებული, რომ მუშაობა გაგრძელდეს 19:00 საათის შემდეგ, საბჭოს მოსამართლე წევრებმა განმარტეს, რომ ეს გამოწვეულია მოსამართლეთა სიმცირითა და საქმეთა დიდი რაოდენობით.
„გთხოვთ, გაითვალისწინეთ იმ პირების ინტერესი, ვინც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს ელოდებიან. მათი საქმეები ერთ მოსამართლეს რომ ეწერება. გასაგებია, რომ მოსამართლეების ბედი არ გაინტერესებთ და კლანს ეძახი, მაგრამ მოქალაქეების ინტერესი მაინც გაითვალისწინეთ“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გაჭიანურდა სკანდალის გამო, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს გაღვივდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლე კანდიდატების სია დასამტკიცებლად წარუდგინა. ამ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში" ადანაშაულებდნენ.