თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში დასრულდა სარემონტო სამუშაოები წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში, რომელიც 1907 წელს აიგო, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
იშვიათი აღმოჩენა: აჭარაში რომაული პერიოდის მონეტები აღმოაჩინეს >>
სამუშაოები, რომელიც ისტორიული შენობის ცალკეული ნაწილების აღდგენას ითვალისწინებდა, მიმდინარე წელს დაიწყო.
ეკლესიის სახურავი მთლიანად შეიცვალა ახალი ხის კონსტრუქციით.
ფასადზე გაშავებული ადგილები გასუფთავდა ლითონის ჯაგრისებით, გამოქარული ადგილები კი ამოივსო პიგმენტირებული ხსნარით. სრულიად განახლდა ეკლესიის კარი და სარკმლები.
აღდგენითი სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.