თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდელი თამარ ლილუაშვილის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
თამარ ლილუაშვილმა რამდენიმე დღის წინ ხელოვნების საშემსრულებლო სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე (World Championship of Performing Arts) აშშ-ში სამი მედალი მოიპოვა.
World Championship of Performing Arts – ესაა საერთაშორისო კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან საუკეთესო კონკურსანტებს ლოს-ანჯელესში კრებს. მონაწილეებს ძალების მოსინჯვა რამდენიმე კატეგორიაში შეუძლიათ, ესენია: ვოკალი, სამსახიობო ოსტატობა, ცეკვა, თავისუფალი ჟანრი და სხვ. 2019 წელს ჩემპიონატში 66 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
WCOPA-ს ძირითადი მიზანი და მისიაა ახალი ტალანტების აღმოჩენა, მათთვის შოუ-ბიზნესის წამყვან წარმომადგენლებთან კონტრაქტების დადების შესაძლებლობების მიცემა, ასევე სტიპენდიის მიღება აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული სკოლებისგან.
ლილუაშვილმა ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მიიღო. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
„ძალიან გახარებულები ვართ. პროდიუსერებისგან გვაქვს სერიოზული შემოთავაზებები ამერიკაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით", – წერს თამარ ლილუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ეს ლილუაშვილის პირველი გამარჯვება არაა საერთაშორისო ასპარეზზე. „რიბი-რაბოსა" და ანსამბლ „გინცის" სოლისტმა წარმატებას აშშ-ში შარშანაც მიაღწია – გახდა კონკურსის Golden Dream გამარჯვებული და გრან-პრი მიიღო.