თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ყუფარაძე დამნაშავედ ცნეს 2014 წელს თბილისში მომხდარ ორი ადამიანის მკვლელობაში, რის შემდეგაც მოსამართლემ ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ორ მკვლელობაში ბრალდებული პირი საქართველოს გადმოსცეს>>>
ყუფარაძე საქართველოს სსკ-ის სამი მუხლით ცნეს დამნაშავედ. სახელმწიფო ბრალდება გიორგი ყუფარაძეს ორი პირის განზრახ მკვლელობას ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით ჩადენას, ასევე ცეცლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და შენახვას ედავებოდა.
ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი ცხრა ხმით სამის წინააღმდეგ მიიღეს.
შსს-მ დანაშაულის გახსნის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის აპრილში გაავრცელა. ნაფიცმა მსაჯულებმა მხოლოდ ყუფარაძის ბრალეულობის საკითხი განიხილეს. მისი თანამზრახველის ვასილ გოშაძის საქმე ცალკე იხილება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის დეკემბერში წარსულში დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად კოჯორში ახალგაზრდა მამაკაცი გურამ კვეზერელი მოკლა, შემდეგ მათ მისი ცხედარი კასრში ჩააგდეს და მჟავა გადაასხეს. მას შემდეგ, რაც ცხედარი არ დაიშალა, მათ კასრში ცემენტი ჩაყარეს და აგარაკის ეზოში დამარხეს.
იმავე დღეს ყუფარაძე და გოშაძე მივიდნენ თბილისის ზღვაზე მდებარე სახლში, სადაც მოკლული დედასთან ნატო კვეზერელთან ერთად ცხოვრობდა. ბოროტმოქმედებმა ქალი დანის დარტყმით მოკლეს, სახლიდან მოიპარეს დაახლოებით 12 ათასი დოლარი, ლეპტოპი, დოკუმენტები, საბანკო ბარათები, ოქროს სამკაულები, კვეზერელის სახელზე რეგისტრირებული ორი პისტოლეტი და ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიების მტკიცებით, დამნაშავეები იარაღს სოფელ ნორიოში მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინახავდნენ.