საქართველოში ტაილანდურ ტელესერიალს იღებენ

© photo: Sputnikკინოკამერა
კინოკამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელესერიალის ეპიზოდების გადაღებები 30 ივლისამდე გაგრძელდება.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოში ტაილანდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყო, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

Doubleman – ასე ჰქვია ქართულ-ტაილანდურ კოპროდუქციას, რომელზეც ტაილანდური კომპანია Kantana Motion Pictures ქართულ Georgian Film Production-თან თანამშრომლობით იმუშავებს.

სერიალის სიუჟეტის რამდენიმე ნაწილის გადაღებები თბილისში, მესტიასა და ქუთაისშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე გადამღები ჯგუფი მესტიაში მუშაობს. რაც შეეხება სერიალის შინაარსს, ის დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, კერძოდ, სიამის ტყუპების ისტორიაზე. საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებულ სცენებში მოქმედება 1870-იანი წლების ნიუ–იორკში ხდება.

ტელესერიალის ეპიზოდების გადაღებები 30 ივლისამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში 380-ზე მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს.

ტაილანდური ტელესერიალის გადაღება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, რის შედეგადაც საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, სულ უფრო აქტუალური ხდება. ასევე მატულობს უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც.

2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 26 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 15 ფილმზე, დამატებით 11 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 67 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი სულ 8 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ყველა ახალი ამბავი
0