თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გმირი მეხანძრე-მაშველის დაკრძალვაზე ჩავიდნენ და პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან კაკავამ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ მეხანძრე-მაშველები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. გელა მელიქიძის ხსოვნას პატივი საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით მიაგო, გარდაცვლილის ოჯახს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადაეცა.
გელა მელიქიძე მაშინ დაიღუპა, როდესაც ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.