ოთო ნიკურაძე აქტიური მოგზაურია და ფეისბუქ გვერდზე საკუთარი ვლოგი აქვს. მოგზაურობის დროს გადაღებულ საოცარ ვიდეოებს, ფოტოებს თავის გამომწერებს უზიარებს. აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარდა საქართველოს ყველა კუთხე მოვლილი აქვს, თუმცა ამბობს, რომ სანახავი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. ასევე ნამყოფია მსოფლიოს 15 ქვეყენაში. ის დღესაც აქტიურად აგრძელებს მოგზაურობას და თავისი შთაბეჭდილებების სხვებისთვის გაზიარებას.
- მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ალბათ იმიტომ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შენი თავი გამოსცადო უცხო გარემოში. მიხვდე, რომ ცხოვრება კომფორტის ზონის მიღმა იწყება. ბავშვობიდან მიყვარდა სიახლეების აღმოჩენა და ახალი შეგრძნებების მიღება. ჩემი საყვარელი ჟანრიც სათავგადასავლო ლიტერატურა იყო. ჩემში ყოველთვის გაოცებას იწვევდა მსოფლიოს სიდიდე და მრავალფეროვნება. ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს მეც შემძლებოდა ჩემთვის უცხო და საინტერესო გარემოში შემეცურა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მოგზაურობის კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. დაახლოებით ერთი წელია, რაც გადავწყვიტე, რომ მხოლოდ მოგზაურობა არ იყო საკმარისი. მინდოდა, რომ ჩემი ემოციების და შეგრძნებების ნაწილი მაინც გადმომეცა გარშემომყოფი ადამიანებისთვის. ასე რომ, ჩემს ზურგჩანთაში ყოველთვის იპოვით ფოტოაპარატს და დრონს. ჩემს ფეისბუქ ვიდეო, ფოტო ბლოგზე უკვე 12000-ზე მეტი გამომწერი მყავს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.
- საუბარი ჩვენი ქვეყნით დავიწყოთ, თქვენი აზრით რით არის საქართველო გამორჩეული?
- ჩემი აზრით, საქართველო ერთ-ერთი უნიკალური ადგილია მთელს დედამიწაზე. იშვიათად, რომ ასეთ პატარა მიწაზე ასეთი კონტრასტული ბუნება, კულტურა და მრავალსაუკუნოვანი ისტორია იყოს მოქცეული. ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინაა და საქართველო თავის დიდ სიტყვას იტყვის ტურიზმის სფეროში.
- საქართველოს კუთხეებიდან რომელ მათგანს გამოარჩევდით?
- საქართველოში უკვე ბევრი წელია ვმოგზაურობ, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურად დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყე. აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარდა ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი (იმედია ყველანი ძალიან მალე შევძლებთ მათ მონახულებასაც). ვფიქრობ, რომ ყველა კუთხეს განსაკუთრებული ხიბლი აქვს და ძალიან რთულია რომელიმეს გამორჩევა. მაგრამ, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თუშეთმა მოახდინა. მეგონა, რომ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, სადაც შენი თვალით ხედავ როგორ იბადებიან მდინარეები, ხედავ ხელუხლებელ ტყეებს, მინდვრებს, უძირო უფსკრულებს, საოცარ არქიტექტურას და კულტურას. ვინც ჯერ არ არის ნამყოფი, წინ ძალიან დიდი სიამოვნება ელის.
- არის საქართველოში ისეთი ადგილები, რაც უნახავი დაგრჩათ?
- საქართველოში იმდენად ბევრი რამაა სანახავი, ალბათ კიდევ მრავალი წელი დამჭირდება, რომ ნაწილობრივ მაინც მოვიარო. არის ძალიან ბევრი ლამაზი ტბა, ჩანჩქერი, საინტერესო სოფელი. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ნანახიც საკმაოდ ბევრი მაქვს. განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ 2019 წლის 11 მაისს მყინვარწვერზე დავდგი ფეხი, ზღვის დონიდან 5054 მეტრზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ჩემს ცხოვრებაში და მიხარია, რომ წარმატებით გავართვი თავი.
- ალბათ ხშირად ხვდებით უცხოელებს. თუ გქონიათ მათთან საუბარი, რა მოსწონთ, ან რა უქმნით დისკომფორტს საქართველოში მოგზაურობის დროს?
- არის უცხოელების ორი კატეგორია: ვისაც საქართველოს შესახებ ჯერ არ სმენია და ვინც საქართველოზე უზომოდ შეყვარებულია. საკმაოდ ბევრ უცხოელთან მქონია საუბარი საქართველოს შესახებ და ფაქტიურად ვერ ვიხსენებ ისეთს, ვინც ერთხელ იყო ჩამოსული და მეორედ არ სტუმრებია ჩვენს ლამაზ ქვეყანას. ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად აფასებენ იმ უნიკალურობას რაც საქართველოს გააჩნია ვიდრე ადგილობრივები. მინდა, რომ ჩვენც, ქართველებიც ისე ვაფასებდეთ ჩვენს ქვეყანას, როგორც სხვა: არ დავაბინძუროთ, მოვუაროთ და უბრალოთ დავტკბეთ მისი სილამაზით.
- ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში მოგზაურობა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ევროპაში. როგორ ფიქრობთ, რატომ დამკვიდრდა ეს აზრი საზოგადოებაში და თქვენ ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
- ნამდვილად არ ვეთანხმები! ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბიუჯეტურად შეიძლება საქართველოში მოგზაურობა. ხშირად, მოგზაურობას აიგივებენ ძვირადღირებულ სასტუმროებთან, საწვავის ხარჯთან და დიდი დროის რესურსთან. საქართველო იმდენად პატარაა, რომ ძალიან ბევრი ადგილის მონახულება 1-2 დღიანი გასვლებითაც არის შესაძლებელი. არის ძალიან ბევრი ბიუჯეტური საოჯახო, ე.წ „გესთჰაუსი“, რომელიც ხშირ შემთხვევაში კომფორტით არ ჩამოუვარდება ძვირადღირებულ სასტუმროებს. პირიქით, ვფიქრობ, რომ მოგზაურობას უფრო მეტ ეგზოტიკასაც კი მატებს. თავგადასავლების მოყვარულებს კი მშვენიერი შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ კარვით და ავტოსტოპით, შესაბამისად უფრო დაზოგონ თანხა.
- როგორ უნდა დაიგეგმოს მოგზაურობა, რა უნდა გვითვალისწინოთ, რომ ხარჯი მინიმალური იყოს?
- მოგზაურობისას უნდა გავითვალისწინოთ სამი მთავარი რამ: საკვები, საცხოვრებელი ადგილი, გადაადგილება. უნდა ვეცადოთ, რომ საკვები ჩვენით მოვამზადოთ, ან ისეთი პროდუქტები წავიღოთ, რომელსაც ადვილი მომზადების წესი აქვს. ამ მხრივ, საკმაოდ დიდ თანხას დავზოგავთ, რომელიც სხვადასხვა კვების ობიექტებში დაგვეხარჯებოდა. გამგზავრებამდე უნდა გადავხედოთ საცხოვრებელ ადგილებს სხვადასხვა ვებ-გვერდის მეშვეობით და შევარჩიოთ შედარებით ბიუჯეტური ვარიანტები. წინასწარ დავგეგმოთ მარშრუტი: ამ გზით, თავიდან ავირიდებთ საწვავის ფუჭად ხარჯვას. წავიდეთ მეგობრებთან ერთად და გავინაწილოთ საწვავის, საცხოვრებლის ხარჯი.
- მოგზაურობა ყოველთვის სავსეა მოულოდნელობებით. კურიოზულ ან ექსტრემალურ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?
- ერთხელ ქალაქ კასპში დავიკარგე მანქანით. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი ორიენტაციის უნარი მაქვს და არც კასპი გამოირჩევა სიდიდით, დაახლოებით ერთი საათი ვერ ვახერხებდი ქალაქიდან გამოსვლას. საიდან არ ვუვლიდი, მაგრამ იგივე ადგილას ვბრუნდებოდი. სამწუხაროდ რუქამაც ვერ მიშველა. ბოლოს, არ მახსოვს როგორ, მაგრამ დიდი წვალების შემდეგ ავტობანზე აღმოვჩნდი. არ ვიცი ჩემში იყო პრობლემა თუ რაიმე უხილავი ძალა მაფერხებდა, მაგრამ ფაქტია, საკმაოდ უცნაური შემთხვევა იყო. მე და ჩემი მეგობრები რამდენჯერაც გავივლით კასპთან, მუდამ სიცილით ვიხსენებთ ამ ისტორიას.
- რაც შეეხება უცხოეთში მოგზაურობას, პირველად როდის გადაკვეთეთ საქართველოს საზღვარი და დღემდე რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?
- პირველად 12 წლის ასაკში გადავკვეთე საზღვარი. ერთ-ერთი სოციალური ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ტურებს აწყობდა, ვიყავი თურქეთში, კერძოდ ანკარაში და კაპადოკიაში. არასდროს არ დამავიწყდება ის ემოციები, რომელიც ამ მოგზაურობისას განვიცადე. ყველაფერს გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდი. ვიტყოდი, რომ ამ მოგზაურობამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მივხვდი, რომ მოგზაურობა ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გახდებოდა. ამ მომენტისთვის 15 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ვაპირებ ამ რიცხვის გამუდმებით ზრდას.
- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევთ და რატომ?
- გამოვარჩევდი ჩინურ სამზარეულოს. ძალიან განსხვავებული კერძები აქვთ. თან ძალიან მიყვარს ცხარე არომატები, ასევე ჩხირების გამოყენება.
- ეგზოტიკური ქვეყნები გიზიდავთ თუ ქვეყანა, რომელიც მდიდარი არქიტექტურით გამოირჩევა?
- ეგზოტიკური ქვეყნები ძალიან მიზიდავს. ვარ ნამყოფი ინდონეზიაში, კერძოდ კუნძულ ბალიზე, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა თავისი არქიტექტურით. მსგავს ნაგებობებს, ქანდაკებებს, ტაძრებს ვერსად ნახავთ ევროპის ქვეყნებში. ასევე ძალიან განსხვავებულია კულტურითა და ტრადიციებით. ზოგადად, ძალიან მაინტერესებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობა, რასაც უახლოეს მომავალში აუცილებლად განვახორციელებ.
- ყველაზე შთამბეჭდავი და დაუვიწყარი მოგზაურობა გაიხსენეთ...
- ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და თავგადასავლებით სავსე იყო იტალიაში მოგზაურობა, სადაც 12 დღის მანძილზე რვა ქალაქი მოვინახულე, 250 კილომეტრზე მეტი გავიარე ფეხით და დავესწარი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის, Muse-ის კონცერტს.
- ზაფხულის სეზონი მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა. ახლა სად გეგმავთ გამგზავრებას?
- ამ ზაფხულის გატარება საქართველოში გადავწყვიტე, ვაპირებ მაღალმთიანი აჭარის მონახულებას. ასევე, ზაფხულის ბოლოს ძალიან მინდა კიდევ ერთხელ წავიდე თუშეთში. შემოდგომაზე კი იორდანიაში ვაპირებ მოგზაურობას. ძალიან მალე ამ უნიკალური ქვეყნიდანაც შემოგთავაზებთ ახალ ფილმს.