შსს 400-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBშსს-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა
შსს-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის გარდა ახალგაზრდების დასაქმების ღონისძიების ჩატარებას შსს ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავს

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასაქმების ფორუმი გამართა და მათ 400-მდე ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა. საკუთარი წინადადებები უწყების სხვადასხვა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა წარმოადგინა. ფორუმის ფარგლებში შსს-მ ქვეყნის 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც სტუდენტების მიერ შსს-ში პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.

„სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რადგან ჩვენი ახალი მიდგომით, სწორედ ეს არის კარი, რომელიც უნდა შეაღო, თუ გინდა, რომ სისტემაში მოხვდე. ჩვენ გათვლას ღია კონკურსზე ვაკეთებთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული კადრები მოვიზიდოთ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ.

მისი თქმით, უწყების გეგმაშია, დასაქმების ფორუმი ტრადიციული გახდეს და ის თბილისის გარდა ქვეყნის სხვა დიდი ქალაქებშიც გაიმართოს.

„შემოდგომაზე უკვე დასავლეთ საქართველოს მოვიცავთ. გვინდა, მეტად მივაწოდოთ ახალგაზრდებს ხმა, თუ დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენთან", - განაცხადა ჯავახაძემ.

მან სტუდენტებს ასევე უამბო კონკრეტული პოზიციების შესახებ, სადაც მათ დასაქმება ან პრაქტიკის გავლა შეუძლიათ.

„დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი გვაქვს როგორც საპოლიციო, ისე არასაპოლიციო პოზიციები, რეალური ვაკანსიები, სტაჟირებები და ეს სტაჟირებაც, რეალურად, არის გზა, რომ შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხვდეთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, განსაკუთრებით მიმზიდველია სტაჟირების პროგრამა იურისტებისთვის, რომლებიც მთელი სტაჟირების განმავლობაში ხელფასს მიიღებენ.

„იურისტებს, ალბათ, განსაკუთრებულად დააინტერესებთ გამომძიებლის სტაჟირების პროგრამა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დავნერგეთ და აღსანიშნავია, რომ ეს სტაჟირება ანაზღაურებადია. ასე რომ, ეს არის რეალური ვაკანსიები მათთვის, ვისაც ჩვენს სისტემაში უნდა მუშაობა", - აღნიშნა ჯავახაძემ.

ფორუმი შსს-მ პირველად 2016 წელს ჩაატარა. ამის შედეგად დასაქმებული სტუდენტები უწყებაში დღემდე მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0