სიმინდი (Zea mays) მარცვლოვანთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აგებულების მიხედვით იყოფა ცხრა ჯგუფად: ბუშტარა, რბილი, კბილა, ნახევარკბილა, კაჟა, ტკბილი, რბილ-ტკბილი, ცვილა, კილიანი სიმინდი. მისი სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა.
სიმინდის კულტივაცია და ჰიბრიდიზაცია, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ჯერ კიდევ 12 ათასი წლის წინ დაიწყო.
სიმინდს მრავალი საუკუნის განმავლობაში აღმერთებდნენ. ეს პირველ რიგში ინკებს ეხება – ძველ ინდიელთა ტომს, რომლებიც სიმინდს სიწმინდედ მიიჩნევდნენ. ქრისტეფორე კოლუმბი იმდენად დააინტერესა ამ იდუმალმა კულტურამ, რომ ევროპაში ჩამოიტანა. დღეს სიმინდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარცვლეული კულტურაა. მას აქტიურად იყენებენ როგორც საკვებად – ადამიანებისთვის, ფრინველებისა და საქონლისთვის, ასევე კოსმეტიკაში და როგორც საწვავის ნედლეულს.
სიმინდის კალორიულობა და შემადგენლობა
სიმინდის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 338,4 კკალორია. კვებითი ღირებულება: ცილები - 10,3 გრამი, ცხიმები - 4,9 გრამი, ნახშირწყლები - 67,5 გრამი.
ყველასთვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი – რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ>>
სიმინდის სასარგებლო თვისებებს, პირველ რიგში, მისი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემადგენლობა განაპირობებს. სიმინდის შემადგენლობაშია: ვიტამინები: В-ჯგუფის, Е, Н (ბიოტინი). მიკროელემენტები - კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, რკინა, იოდი და სხვა. სიმინდი ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით ოქროს, რომელიც ჰორმონალურ პროცესებში მონაწილეობს, ასევე დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.