პროკურორი: პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე 230-მდე პირი გამოიკითხა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გულუაშვილის განცხადებით, პროკურატურა რეაგირების გარეშე არ დატოვებს გამოძიების დისკრედიტაციის არც ერთ მცდელობას.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, იუწყება პირველი არხი გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს ამირან გულუაშვილზე დაყრდნობით.

გულუაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 230-მდე პირი.

„საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ამ ეტაპზე, გამოძიების  ფარგლებში გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. საქართველოს გენერალური პროკურატურა საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად  კვლავ განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული“, – აცხადებს გულუაშვილი.

აქციის დაშლა 20-21 ივნისის ღამეს - Sputnik საქართველო
ვერძეული: მოგვიანებით აქცია გახდა ძალადობრივი, პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო სამარცხვინო

მისივე განცხადებით, პროკურატურა რეაგირების გარეშე არ დატოვებს გამოძიების დისკრედიტაციის არც ერთ მცდელობას.

„პროკურატურა რეაგირების გარეშე არ დატოვებს გამოძიების დისკრედიტაციის არცერთ მცდელობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. ამავე დროს, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაადგენენ ყველა იმ პირის ბრალეულობას, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობას და მონაწილეობდნენ მასში პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტთან აქციის დროს სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ და შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა 22 ივნისს დაიწყო.

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი  საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

სანიკიძე: მშვიდად და წყნარად ჩაიარა გამოკითხვამ და წამოვედი >>

საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 - პოლიციელია. დაშავებულებს დაზიანებები ძირითადად თავისა და ხელების არეში აქვთ მიღებული.

ჯერჯერობით უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ათ პოლიციელს, ასევე საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.

ყველა ახალი ამბავი
0