თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩაზე და მის მიმდებარე ქუჩებზე 1 აგვისტოს ამოქმედდება - მანქანების უფასო პარკირებისთვის ადგილობრივ მცხოვრებლებს რეგისტრაციის გავლა მოუწევთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
იუსტიციის სახლმა ტაქსის მძღოლებზე ახალი ლიცენზიების გაცემა დაიწყო >>
დღეისათვის ერთკვირიანი პარკირება თბილისში 4 ლარი ღირს, ექვსთვიანი - 25 ლარი, წლიური - 50 ლარი.
თბილისის საკრებულოს დადგენილებით, კოტე აფხაზის ქუჩა და მიმდებარე ქუჩები სამ ზონად დაიყოფა. А ზონაში ერთსაათიანი პარკირება 1 ლარი იღირება, В ზონაში - 2 ლარი, С ზონაში - 3 ლარი.
პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება ტერიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ აპარატებში. მანქანის 15-წუთიანი გაჩერება ყველასათვის უფასო იქნება.
პარკირება იქნება სრულიად უფასო კოტე აფხაზის ქუჩის მცხოვრებთათვის, შშმ პირთათვის, ელექტრომობილების მფლობელებისთვის და А კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის.
უფასო პარკირების უფლების მისაღებად მოქალაქეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე zone-parking.tbilisi.gov.ge ან კოტე აფხაზის ქუჩაზე განლაგებულ საინფორმაციო ცენტრებში.
ელექტრონულად საიტზე უკვე დარეგისტრირდა 114 პირი, ხოლო საინფორმაციო ცენტრებში 150-მდე პირს გაეწია კონსულტაცია.
საათობრივი პარკირების ამოქმედების შემდეგ კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსები იმოძრავებენ.
„კოტე აფხაზის ქუჩაზე არ დადიოდა ავტობუსი და ჩვენი დავნიშნეთ რამდენიმე ახალი მარშრუტი, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მუნიციპალურმა ავტობუსმა იმოძრაოს. ეს არის ერთიანი კონცეფციის ნაწილი, რათა ადრე თუ გვიან, ჩვენ უფრო მეტად მოვიხმაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლებად დავაბინძუროთ ჩვენი დედაქალაქი“, - განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
ავტომობილების რაოდენობის მუდმივი ზრდის გამო პარკირების ადგილები თბილისში საკმარისი არ არის.
მანქანებს ადგილების უკმარისობის გამო ხშირად აჩერებენ ტროტუარებზე, პანდუსებზე, ქვეითთა გადასასვლელებზე და სხვა დაუშვებელ ადგილებზე.