ილია მეორე: ეძებეთ ნაკლი საკუთარ თავში და არა სხვებში

გამოწერა
პეტრე-პავლობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, უყვარდეთ ერთმანეთი და ნაკლი ეძებონ საკუთარ თავში და არა სხვებში. პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
დღეს პეტრე–პავლობაა

12 ივლისს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

 „მე მინდა გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები. ეს დიდი მადლია და დიდი ძალაა. არიან ადამიანები, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება", – აღნიშნა პატრიარქმა.

მისი სიტყვებით, თითოეული ადამიანი დედამიწაზე გარკვეული მისიით მოდის. მან ერთი ოჯახის ისტორია გაიხსენა, რომელიც ადრე წაიკითხა. ამ ისტორიის თანახმად, ცოლმა მეუღლეს სთხოვა ეთქვა, თუ რა ნაკლი ჰქონდა მას. მეუღლე მთელი ღამის განმავლობაში ფიქრობდა რა ეპასუხა ცოლისთვის. დილით კი უთხრა, რომ მასში ვერანაირი ნაკლი ვერ მოძებნა და იგი უყვარს ისეთი, როგორიც არის.

უწმინდესმა დღევანდელი დღესასწაული ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ პეტრე და პავლე მოციქულები მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის მფარველები არიან.

„შემთხვევითი არ არის ფაქტი, რომ პირველი ეკლესია, სვეტიცხოველი 12 მოციქულთა სახელზე აშენდა. მსოფლიო საპატრიარქოშიც ასევე პირველი ეკლესია 12 მოციქულის აშენდა. ქვეყნად გარკვეული მისიით, გარკვეული დავალებით პეტრე და პავლე მოვიდნენ, რათა იყვნენ სვეტნი ეკლესიისა, მოძღვარნი სოფლისა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობის მომნიჭებელნი. ძალიან მძიმე იყო მათი მოღვაწეობა, იმდენად მძიმე, რომ პეტრე შეშინდა და უარყო ქრისტე“, – აღნიშნა ილია მეორემ.

პეტრე და პავლე მოციქულებს დიდი წვლილი მიუძღვით ქრისტიანული რელიგიის გავრცელებაში.

დღეს პეტრე–პავლობასთან დაკავშირებით სადღსასწაულო წირვა–ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0