თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. დღის განმავლობაში თბილისში მუშაობდა ელეტროსკუტერების გაქირავება. ყველაფრის გაგება სერვისის, გადახდის შესახებ მხოლოდ რუსულ ენაზე იყო შესაძლებელი, ხოლო საფასურის გადახდა დაქირავებისთვის – მხოლოდ რუსული რუბლით.
როგორ მოხდა ასეთი რამ, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" კომპანიის რეგიონულმა წარმომადგენელმა ნიკო პაპაშვილმა უამბო.
პეკინის გამზირზე ხუთშაბათს რამდენიმე ათეული ელექტროსკუტერი გამოჩნდა, რომლებიც შეგეძლოთ დაგექირავებინათ. კიკშერინგი დედაქალაქისთვის ნამდვილი სიახლეა. ელექტროსკუტერით გასეირნების მსურველი ბევრი აღმოჩნდა, მაგრამ სერვისს სისტემის გაუმართაობამ უმუხთლა.
კომპანიას ჰყავს რუსი პარტნიორები, თავდაპირველად მთელი ინსტრუქცია რუსულად იწერებოდა. ქართველი მომხმარებლისთვის კონტენტი ქართულ და რუსულ ენებზე შეიქმნა, მაგრამ მუშაობისას პრობლემა დაფიქსირდა – მობილურმა პროგრამამ სერვისის გადახდისთვის მხოლოდ "რუსულად მოინდომა საუბარი" და თანხასაც მხოლოდ რუსული რუბლით იღებდა. ბიზნესმენის თქმით, კიკშერინგის მუშაობის დროებით შეჩერება მოუწიათ.
„ეს მოსკოველი ბიჭების, ჩემი მეგობრებისა და პარტნიორების ფრანშიზია. საქართველოში ამ სკუტერების მფლობელი მე ვარ. რაც შეეხება პრობლემებს პროგრამასთან დაკავშირებით, არ ვაპირებდით პროგრამის რუსულ ენაზე ჩაშვებას და ფულის რუსული რუბლით აღებას. ეს პრობლემა უკვე მუშაობის დროს აღმოვაჩინეთ... პროგრამა სტანდარტულად უშვებდა რუსულ ენას, ცვლიდა რეგიონს სოჭზე და გადახდას რუბლზე აყენებდა. შემდეგ შევეცადეთ ხელით გადაგვეყვანა ინგლისურ ენაზე, მაგრამ ესეც ჩავარდა. ამიტომ ეს საქმე ჯერჯერობით შევაჩერეთ", – აღნიშნა პაპაშვილმა.
რაც შეეხება სტიკერებს რუსულ ენაზე, პაპაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ სკუტერები რუსეთიდან არის ჩამოტანილი. მალე მათზე ქართულ და რუსულენოვანი წარწერები იქნება.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ხარვეზების აღმოფხვრას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. პაპაშვილის განცხადებით, ელექტრო-სკუტერების გაქირავების ადგილი საბურთალო – პეკინის გამზირი და შარტავას ქუჩა გახდება, სადაც ამ ტრანსპორტით გადაადგილება მოსახერხებელია.
პირველ ეტაპზე თბილისში გამოჩნდება 55 ელექტროსკუტერი, მაგრამ მომავალში იგეგმება კიდევ დაახლოებით ასის დამატება, ასევე ამ სერვისის ბათუმში გახსნა.