თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ზღვისპირეთში ძლიერ ქარს, წვიმას ელჭექით და შტორმს პროგნოზირებენ.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე.
გარდა ამისა, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი შტორმი.
აღმოსავლეთ საქართველოშ პარასკევს +36 გრადუსი იქნება. უქმეებზე ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე დაიწევს. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრია ნავარაუდევი, დროგამოშვებით კი წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოში დღისით +28 გრადუსი, შაბათს კი 25 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროგამოშვებით კი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
კვირას ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება, ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.