თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ქუთაისში ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც თავის ჩამოხრჩობა სცადა, მეხანძრე– მაშველებმა სიკვდილს გადაარჩინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს ვერ პოულობდნენ, რომელსაც, სავარაუდოდ, სუიციდი ჰქონდა განზრახული.
ჭყონია: სუიციდამდე ადამიანი მიდის თანდათანობით, მანამდე ამას ბევრი რამ მიგვანიშნებს >>
უწყების ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ.
„სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა - ტყეში ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა თავის ჩამოხრჩობის მცდელობა. მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა სუიციდის მცდელობის დროულად აღკვეთა და გოგონას გადარჩენა“, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ახლა ის თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.