თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. რუსტაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მიტინგი იმართება. შეკრებილი პირები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას, „თბილისი პრაიდის“ და „გარყვნილების პროპაგანდის“ აკრძალვას ითხოვენ. სიტყვით გამოდიან სასულიერო პირები და სამოქალაქო აქტივისტები.
რამდენიმე ასეულ მეტრში, თავისუფლების მოედანზე მეორე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავი მოიყარეს შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ისინი სამი კვირის განმავლობაში მართავდნენ მიტინგებს პარლამენტთან, თუმცა დილიდან ეს ადგილი „ტრადიციებისათვის მებრძოლებმა“ დაიკავეს.
ამ აქციაზე ძირითადად ახალგაზრდები არიან შეკრებილები, ისმის მუსიკა. ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი აქცია მხოლოდდამხოლოდ მშვიდობიანია.
აღსანიშნავია, რომ გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ კარვებში იმყოფებიან.
აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფს.
აქციების მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა, რომელიც პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
ორივე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან.
აგრეთვე ორივე აქციის ორგანიზატორების მხრიდან ადგილი ჰქონდა გაერთიანების მცდელობას, თუმცა უშედეგოდ.
პოლიციის კორდონის ორივე მხარეს, გვიანი დროის მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი რჩება.