თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა.
"მე ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემით არ გავაკეთებ", – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
საქართველოს მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების გატარების ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიმართა. ამის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე „განუწყვეტელი ანტირუსული პროვოკაციები“ გახდა.
ამასთან, ეკატერინბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე.
„მისთვის ბევრი პატივია რაიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. დაე, ილაპარაკოს“, – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
მისი თქმით, ამ ჟურნალისტის შესახებ აქამდე არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველა მასზე ლაპარაკობს და ამით მან თავის მიზანს მიაღწია.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი გამოხდომა გააპროტესტეს და „სწორედ ამ ადამიანების პატივისცემით, რუსეთსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის“, არაფერს ისეთს არ მოიმოქმედებს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გაართულებს.
ამ წუთებშივე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის დუმა არ აპირებს გაიწვიოს საქართველოსთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებული განცხადება. ეს დოკუმენტი მინისტრთა კაბინეტს აძლევს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები აუცილებლობის შემთხვევაში.
„დუმა არ გაიწვევს განცხადებას. პუტინისთვის უხერხულია, რა თქმა უნდა, თვითონ დაიცვას თავი და უხერხულად გამოიყურებოდეს ამგვარ სიტუაციაში. მაგრამ ჩვენ ხომ კონკრეტულად პუტინის შესახებ განცხადებაზე არ ვლაპარაკობთ... ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა განაგრძობს ამისთვის ხელშეწყობას... და თუ ასე გაგრძელდა, მთავრობა ვალდებული იქნება, მოამზადოს ზომები. ჩვენ შეგნებულად არ წავედით იმაზე, რომ მიგვეთითებინა კონკრეტული შემთხვევები“, – განაცხადა დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა.
ამასთან აღინიშნება, რომ რუსეთის მთავრობის წევრებმა განცხადება ნახეს, მაგრამ ყურადღებას პრეზიდენტის ნათქვამზე ამახვილებენ.
„მთავრობაში ნახეს დუმის დეპუტატების განცხადება. ამასთან დაკავშირებით მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც პრეზიდენტმა თქვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრ მედვედევის პრეს-მდივანმა ოლეგ ოსიპოვმა.
მანამდე, დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო დეპუტატთა განცხადება, რომლებიც მთავრობას საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას სთავაზობდა. გარდა ამისა, დეპუტატები მთავრობას აძლევდნენ რეკომენდაციას, წარედგინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის შესაბამისი წინადადებები.
რუსეთის დუმის ეს ნაბიჯი არის პასუხი ტელეარხ „რუსთავი 2“-ის პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვებაზე, რომელმაც საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და მის გარდაცვლილ მშობლებს. ჟურნალისტის ამ მონოლოგის შემდეგ სოციალური ქსელი კომენტარებით აივსო. გაბუნიას გამოსვლა გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობად შეაფასა. ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებამ ქართველი ჟურნალისტის საქციელი „უპრეცედენტო სიმდაბლედ“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქართული რადიკალური ძალების ღია პროვოკაციაა.