თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ უახლესი ბომდამშენ-გამანადგურებელი F-35-ის ესკადრილია მოინახულა და ირანს სწორედ მათი გამოყენებით დაემუქრა.
„ირანი ცოტა ხნის წინ განადგურებით ემუქრებოდა ისრაელს. მას უნდა ახსოვდეს, რომ ეს თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერ წერტილს მისწვდებიან, ირანისა და სირიის ჩათვლით“, — ციტირებს ნათანიაჰუს სიტყვებს მისი კანცელარია.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა აშშ-სგან შეკვეთილი 50-დან ცხრა F-35 უკვე მიიღო, ქვეყანა ერთადერთია მთელ ახლო აღმოსავლეთში, ვინც ამგვარ იარაღს ფლობს და პირველია მსოფლიოში, ვინც ისინი ბრძოლაში გამოიყენა.
F-35 პირველი გამანადგურებელია, რომელიც ერთდროულად ზებგერით სიჩქარეს ავითარებს და რადარებისთვის მცირედ შესამჩნევია. ამასთან, აქვს ვერტიკალური აფრენა-დაშვებისა და მოკლე საფრენი ზოლიდან ჰაერში ასვლის უნარი.