თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სკანდალურ გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერმა, პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
პროგრამა „პოსტსკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის გამოსვლით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. თბილისში თითქმის სამი კვირის განმავლობაში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც ანტირუსული ლოზუნგებით და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე ანტირუსულ რიტორიკაზე საპასუხოდ, მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა - ეს გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათს, 8 ივლისს შევა. ამავე დროს რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.
„ეს განცხადება არ არის, არც ემოცია და არც მხოლოდ უზრდელობა. ეს არის საშიში საბოტაჟი და პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. კატეგორიულად მოვითხოვ ხელისუფლებისგან სასწრაფო გამოძიების ჩატარებას და სახელმწიფოს ინტერებისგან გამომდინარე ადეკვატური ზომების მიღებას!“, – წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ხელისუფლებამ „რუსთავი 2“–ის ეთერთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებები გააკეთა. პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამოთქმებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა და პროვოკაცია უწოდა.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ უკვე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში წამყვანის მხრიდან ადგილი ჰქონდა „თვითგამოხატვას“, თუმცა, აღიარა „წითელი ხაზის“ გადაკვეთის ფაქტი.
„არის საკუთარი ფორმა, წითელი ხაზები, ასევე აუცილებელი გემოვნება და ზომები... არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას აზრის გამოხატვის ფორმას და მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც აუდიტორიის, არც არხის მაღალ სტანდარტებს“, – განაცხადა ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ.