თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. მაშველებმა მყინვარწვერზე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს, აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე, მეტეოსადგურის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალი ქვედა კიდურების დაზიანების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა და დახმარება ესაჭიროებოდა.
ქალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
„რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფმა დაშავებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე ჩამოიყვანა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამჟამად დაშავებული გადაყვანილია ყაზბეგის სტაციონარში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა.