ორშაბათს საღამოს თბილისში ერთდროულად დაიწყო ოთხი საპროტესტო აქცია. განსაკუთრებით დიდი აქციები ახლაც მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან. დაწვრილებით იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო
ორშაბათს საღამოს თბილისში ქალაქის სხვადასხვა მხარეებიდან ერთდროულად დაიძრა რამდენიმე საპროტესტო აქცია სხვადასხვა მოთხოვნებით.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მიტინგი იმართება. ისინი ღირსების მარშის ჩატარებას აპროტესტებენ.
რამდენიმე ასეულ მეტრში, თავისუფლების მოედანზე მეორე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავი მოიყარეს შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ისინი სამი კვირის განმავლობაში მართავდნენ მიტინგებს პარლამენტთან, თუმცა დილიდან ეს ადგილი „ტრადიციებისათვის მებრძოლებმა“ დაიკავეს.
პოლიცია ორი აქციის მონაწილეთა დაშორებას ცდილობს და მათ ერთმანეთთან პირდაპირი შეტაკების საშუალებას არ აძლევს.
კიდევ ერთი, მესამე აქცია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოფისთან მიმდინარეობს. აქ აქციის მონაწილეები კვირა საღამოს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისა და მისი მშობლების არაეთიკური ლექსიკით შეურაცხყოფას აპროტესტებენ. მომიტინგეები გიორგი გაბუნიასგან და რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.
მოულოდნელად საღამოს მეოთხე აქციაც დაიწყო - ლგბტ აქცია, რომელიც ორგანიზატორებმა მანამდე გააუქმეს. ღირსების პრაიდის მონაწილეები დროშებითა და შესაბამისი სიმბოლიკით შს სამინისტროსთან გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ. მოგვიანებით ისინი რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ.