თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. შეკვეთილში აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ხათუნა ბერიძემ შიმშილობა შეწყვიტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ჩუგოშვილი: ვინც ძალაუფლებას ჩაებღაუჭა, ყველამ ცუდად დაამთავრა >>
შეკვეთილში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მეცამეტე დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. მათ კარავი აქვთ გაშლილი. ამის პარალელურად, იმართება აქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.
როგორც ხათუნა ბერიძემ განაცხადა, შიმშილობის აქციაში მონაწილეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ გააგრძელებს.
„რაც შიმშილობა დავიწყე, მას შემდეგ რამდენჯერმე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადამიყვანა. მედიკოსები მირჩევდნენ, რომ შემეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ ვუერთდებოდი ჩემს მეგობრებს. ახლა თავს ცუდად ვგრძნობ და გამოვეთიშე აქციას, თუმცა როგორც კი გამოვკეთდები, მივალ და დავიწყებ შიმშილობას“, – განაცხადა მან.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. დაშავდა 240 ადამიანი, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. პოლიციამ 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავა.
თბილისში არეულობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა >>
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.