თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერთიფიკატის გაცემის სანაცვლოდ ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3,3 ათასი ლარი.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.