თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და MLS-ის კლუბ „სან-ხოსე ერთქვეიქსის" ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ჩრდილო-ამერიკული საფეხბურთო ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ნათქვამია MLS-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხე მატჩში კლუბისთვის შედეგიანი გამოდგა. MLS-ის XVII ტურის შეხვედრაში მან „ლოს-ანჯელეს გელაქსის" კარში გოლი გაიტანა, რომლის შემადგენლობაშიც ზლატან იბრაგიმოვიჩი გამოდის. შედეგად, „სან-ხოსემ" ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.
ყაზაიშვილი ზედიზედ ოთხ მატჩში წარმატებულად ასპარეზობს, აქედან ორ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. აშშ-ის თასის 1/16 ფინალში ნახევარმცველმა ორჯერ აიღო „საკრამენტოს" კარი (4:3), ამ ტურნირის 1/8 ფინალში კი „გელაქსის" გაუტანა გოლი. თუმცა, მისი კლუბი მაინც დამარცხდა (1:3) და US Open Cup-ში ასპარეზობა დაასრულა.
„ლოს-ანჯელესზე" გამარჯვების შემდეგ „ერთქვეიქსს" 17 მატჩში 25 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება.