თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ტურისტულ სექტორში ვარდნამ ეროვნულ ვალუტაზე დიდი გავლენა არ უნდა მოახდინოს, განუცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.
ლარის კურმა შემცირება მცირე შესვენებებით მაისის პირველი დღეებიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ვარდნა გასულ კვირაში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა, რომელიც უკვე თითქმის ორი კვირაა თბილისში მიმდინარეობს.
ეროვნული ბანკი: რა გავლენა ექნება ტურისტების ნაკადის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკაზე>>
ერთდროულად გამწვავდა ქართულ-რუსული ურთიერთობები. საპროტესტო აქციებზე ანტირუსული ლოზუნგების გამო მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აკრძალა, რაც 8 ივლისიდან ამოქმედდება. ბოლო დრომდე რუსი ტურისტები, რაოდენობის მხრივ, საქართველოში ლიდერობდნენ.
„ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, აისახა მოლოდინებზე და გაჩნდა მოლოდინი, რომ ის საექსპორტო სერვისების შემოსავლები, რომელიც ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, იქნება ნაკლები. ზუსტად ამ დროს ასრულებს მცურავი გაცვლითი კურსი, როგორც ავტომატური სტაბილიზატორი, იმ ფუნქციას, რაც ამ შემთხვევაში უნდა შეასრულოს", – განაცხადა გვენეტაძემ.
გვენეტაძემ დასძინა, რომ მისთვის რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს ეროვნულ ვალუტას მომავალში. თუმცა მიიჩნევს, რომ დარტყმა დიდი არ იქნება.
„ტურისტული სანქციების გავლენა ეკონომიკაზე 200-300 მილიონი აშშ დოლარი იქნება, თუმცა, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდება", – განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა.