თუ არასრულწლოვანთან იქორწინებთ... რას ითვალისწინებს კანონი

© Pixabay / NGDPhotoworksქორწილი
ქორწილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრეულ ასაკში ქორწინება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში საკმაოდ აქტუალური და პრობლემური თემაა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა.

ადრეულ ასაკში ქორწინება განისაზღვრება როგორც რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლამდე. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განსაზღვრების მიხედვით კი, ყველა ადამიანი, ვისაც არ შესრულებია 18 წელი, ითვლება ბავშვად.

გაეროს ინფორმაციით, საქართველოში ქალების 17%-ზე მეტი 18 წლამდე ასაკში თხოვდება. ეს მონაცემები ევროპაში ადრეული ქორწინების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რიცხვები არაა სრული, რადგან ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დაქორწინებულია 16-დან 19 წლამდე ასაკის 2054 გოგონა და 326 ვაჟი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„ნუ წაართმევ ბავშვობას“ – საქართველოში ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

გაითვალისწინეთ, ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების მძიმე შედეგების აღმოსაფხვრელად 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია გამონაკლისის დაშვების გარეშე!

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა 2017 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში. ამ ნორმის მიხედვით, 18 წლამდე მიუღწეველი პირები ვეღარც სასამართლოს ნებართვით დაქორწინდებიან. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი თექვსმეტ წლამდე ასაკის პირთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.

მანამდე მოქმედი რეგულაციით, არასრულწლოვანთა ქორწინება მშობლების ნებართვით იყო დაშვებული, 2016 წელს ეს წესი შეიცვალა და 17-დან 19 წლამდე შესაძლებელი იყო ქორწინება სასამართლოს თანხმობით. ახლა სრულად აიკრძალა.

ხშირია შემთხვევა, როცა ადრეულ ქორწინებას ხელს უწყობენ მშობლები, ზემოქმედებას ახდენენ შვილებზე, ან მონაწილეობენ ოჯახში ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაში.

ბავშვთა ბაღი - Sputnik საქართველო
არასრულწლოვანი მშობლები საქართველოში – სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში

გაითვალისწინეთ! ქორწინების იძულება (მათ შორის, არარეგისტრირებულის) ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ხოლო იგივე ქმედება გააზრებულად ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა გოგონას მოტაცება მასზე დაქორწინების მიზნით. გოგონას მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით ითვლება პირის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთად.

გაითვალისწინეთ! საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. საერთო ჯამში, სხვადასხვა პირის მიმართ ჩადენილი ამ დანაშაულისათვის პირს შეიძლება 2-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს.

ქორწილი - Sputnik საქართველო
ვისთან დაქორწინებას კრძალავს კანონი? - იცოდეთ თქვენი უფლებები

რა შეიძლება იყო ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზები?

ხშირ შემთხვევაში ადრეული ქორწინება დაკავშირებულია სიღარიბესთან და დაბალ სოციალურ სტატუსთან. იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მატერიალური სიდუხჭირის ზღვარზე არიან, გოგონას ადრეული ქორწინება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან ერთგვარი გამოსავალიც არის, ასეთ შემთხვევაში ისინი გოგონას ქორწინებას განიხილავენ როგორც მისი „პატრონისთვის ჩაბარებას“ და მათი ოჯახიდან „ტვირთის მოხსნას“.

ადრეული ქორწინების გამომწვევ მიზეზთა შორისაა ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების არასათანადო ინტეგრაცია საზოგადოებაში. ამ ჯგუფების წარმომადგენელი ბევრი გოგონა ქართულ ენას სათანადოდ არ ფლობს, რაც უფრო აღრმავებს მათ იზოლაციას. ხშირად გოგონები ადრეულ ქორწინებაში ხედავენ ერთადერთ არჩევანსა და მათთვის „გარდაუვალ ბედს”.

ტრადიციული ნორმების ძლიერი გავლენა და ქორწინებამდე სქესობრივი თავშეკავება ჩვეულებრივი მოვლენაა საქართველოში. შესაბამისად, ტრადიციები არ უტოვებენ შეყვარებულ წყვილს სქესობრივი ურთიერთობის დამყარების სხვა ალტერნატივას, გარდა ქორწინებისა, რითიც უბიძგებენ ადრეული ქორწინებისკენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0