თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლის - დარეჯანის სასახლის რესტავრაცია იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს განაცხადა.
როგორც სპეციალისტების კვლევამ აჩვენა, სასახლეს სასწრაფოდ სჭირდება რესტავრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ისტორიულ კომპლექსს საფრთხე ემუქრება, შენობის კედლები კი შეიძლება საერთოდ ჩამოიშალოს. ყველაზე მეტად გალავანსა და მის კედლებს მიწისქვეშა წყლები აზიანებს, გაზრდილია კედლების ტენიანობა, რაც ბზარებს აჩენს.
„პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ფაქტობრივად იშლება გალავანი, რომელსაც აზიანებს მიწისქვეშა წყლები. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, აღდგება ერეკლეს აბანო და გამაგრდება ეზოში არსებული ტაძარი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე რეაბილიტირებული. ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ სასახლეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მსგავსი სივრცეების მოვლა-პატრონობა დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„მე დავავალე თბილისის განვითარების ფონდს, რომ მიმდებარე ტერიტორიისთვის, სადაც ბევრი ბარაკია და მოსახლეობა ცხოვრობს მძიმე პირობებში, შემუშავდეს რეაბილიტაციის პროექტი და მოხდეს მისი განვითარება“, - აღნიშნა კალაძემ.
სენსაციური აღმოჩენა: რუსეთში საქართველოს სამეფო ოჯახის სამარხები იპოვეს >>
სარესტავრაციო სამუშაოებზე დაახლოებით ორი მილიონი ლარი დაიხარჯება. რესტავრაცია წელიწად-ნახევარში დასრულდება.
XVIII საუკუნეში აგებული დარეჯანის სასახლის შესწავლა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყეს.
სარესტავრაციო სამუშაოებს შეასრულებს თბილისის განვითარების ფონდი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
დარეჯანის სასახლე ავლაბარში, ღვინის აღმართზე მდებარეობს. აშენდა 1776 წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორის ბრძანებით მისი მეუღლე დარეჯან დედოფლისათვის (1734 – 1807). ეს იყო მდიდრული სასახლე, რომლის ტერიტორიაზეც იმავე პერიოდში აღიმართა კარის ეკლესია. აღსანიშნავია, რომ ტაძრის არქიტექტურა ირანულ ელემენტებსაც შეიცავს.
სასახლე და ეკლესია ნაწილობრივ დაინგრა XVIII საუკუნის ბოლოს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას. დედოფლის სანქტ-პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, 1807 წელს, ეგზარქოსმა თეოფილაქტემ ტაძართან საკვირაო სკოლა და სასულიერო სემინარია გახსნა. 1824 წელს აქ ამოქმედდა დედათა მონასტერი, 1862 წელს კი - სემინარია სასულიერო პირთა შვილებისთვის. 2001 წელს ეკლესიის საკურთხეველი ხელახლა მოიხატა. ამჟამად კი აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.