თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს წინააღმდეგ ოპოზიციური ტელეკომპანია Rustavi2-ის სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 18 ივლისს, თბილისის დროით 12:00 საათზე გამოქვეყნდება, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
Rustavi2-ის იურისტებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის ორი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მისი ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა.
ტელეკომპანია Rustavi2-ის საქმეზე სასამართლო განხილვები ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. აღნიშნული საქმე საქართველოს სასამართლოებში ორ წელზე მეტხანს იხილებოდა.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტელევიზიის დაბრუნების მოთხოვნით 2015 წლის აგვისტოში მიმართა. იმავე წლის ნოემბერში მან საქმე მოიგო.
ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც 2016 წლის ივლისში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. მოგვიანებით Rustavi2-ის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართეს, რომელმაც ასევე მხარი ქიბარ ხალვაშს დაუჭირა.