დასაქმების ფესტივალზე ახალგაზრდებს ათასზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებენ

გამოწერა
სამუშაოს მაძიებლებს ვაკანსიებს დაახლოებით 60 დამსაქმებელი შესთავაზებს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სოციალური მომსახურების სააგენტო ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 5 ივლისს ფესტივალს გამართავს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონში 12:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

ბერლინი - Sputnik საქართველო
ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რაში დაეხმარება საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს

ფესტივალის მონაწილეებს სხვადასხვა სფეროს 60-მდე კომპანია ათასზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სადაზღვევო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

„ფესტივალის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებს კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში", – აღნიშნულია განცხადებაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებსაც გააცნობენ.

სააგენტოს ცნობით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ.

ახალგაზრდებმა ფესტივალზე თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასურველია რეზიუმეს ქონაც.

ყველა ახალი ამბავი
0