ერთიანი ეროვნული გამოცდები: ბატიაშვილი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

© photo: Prime Time / FBმიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელშიც დაახლოებით 41 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობს.

აბიტურიენტების რეგისტრაცია გამოცდის წინ - Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

აბიტურიენტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიმართა და წარმატებები უსურვა.

„დღეს თქვენ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდი დაიწყო. მჯერა, რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში, რადგან კარგად გესმით – ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა არის წინაპირობა თქვენი პირადი კეთილდღეობისა თუ ქვეყნის განვითარებისთვის", – ნათქვამია მიხეილ ბატიაშვილის მიმართვაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში.

ერთიანი ეროვნულ გამოცდების განრიგი

1-2 ივლისი ქართული ენა და ლიტერატურა
1 ივლისი აფხაზური ენა, ოსური ენა
 3-4 ივლისი ზოგადი უნარები
5 ივლისი მათემატიკა
8-9 ივლისი ინგლისური ენა
8 ივლისი რუსული, გერმანული, ფრანგული ენები
10 ივლისი ქიმია
11 ივლისი ბიოლოგია
12 ივლისი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
15 ივლისი ისტორია
 16 ივლისი გეოგრაფია
19 ივლისი სამოქალაქო განათლება
22 ივლისი ლიტერატურა
23 ივლისი ფიზიკა

წელს აბიტურიენტებს კვლავ ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აქედან სამი სავალდებულოა – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა, და ერთი საგანი არჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

17–24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0