თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს−პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატ ოლეგ ლიაშკოს ტელეარხ НАШ−ის პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა.
სიტყვიერი შეხლა−შემოხლა სააკაშვილსა და ლიაშკოს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს უკანასკნელი ავადმყოფი ბავშვების ოჯახების პრობლემებს შეეხო.
„მოურიდებელი კითხვა მაქვს: თქვენ და სხვა დეპუტატებს გინდათ, რომ კონჩა ზასპეში არსებული საკუთარი სახლები ცერებრალური დამბლით დაავადებულებს გადასცეთ? გინდათ, გაიღოთ მილიონი დოლარი თქვენი დეკლარაციებიდან ბავშვების სამკურნალოდ?“ — უსაყვედურა სააკაშვილმა დეპუტატს და დაამატა, რომ ეს ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ ლაპარაკი.
სააკაშვილის შეკითხვის შემდეგ ლიაშკო დაინტერესდა, ხომ არ სურს სააკაშვილს სამშობლოში ჩავიდეს, სადაც მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„თქვენ არ გინდათ, მშობლიურ საქართველოში წახვიდეთ, სადაც თქვენ 6 წლით პატიმრობის განაჩენი გაქვთ გამოტანილი?“ — შეეპასუხა ლიაშკო ყოფილ გუბერნატორს.
ამაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან ოდესაში გზა მაინც დააგო, „ყბედი და არაფრის მაქნისი ლიაშკოსგან განსხვავებით“.
ამის შემდეგ პოლიტიკოსები ერთმანეთის ყვირილით ლანძღვას კიდევ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში განაგრძობდნენ, მიუხედავად წამყვანის მცდელობისა, დაემშვიდებინა ისინი.