თბილისი, 28 ივნისი - Spuntik. ქვეყანაში არსებული გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ეკონომიკა, ნათქვამია ასოციაცია „ქართული ღვინის“ მიერ ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში.
„მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აწარმოოს გონივრული პოლიტიკა, შეძლოს თავიდან აიცილოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ქვეყანას აარიდებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს. ქვეყანაში არსებული გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ეკონომიკა”, – აღნიშნულია წერილში.
წერილის ავტორების აზრით, ის, რომ ქართული ღვინის წარმოებას და ექსპორტს საკუთარი უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არავისთვის არ არის სიახლე.
„ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკამ ის შედეგი მოგვცა, რომ გაშენდა ახალი ვენახები, ფუნქციონირებს ასობით ღვინის საწარმო, მათ შორის ბევრი ახალი. ჩვენ ღვინო გაგვაქვს ისეთ ბაზრებზე, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტის შესაძლებლობა იყო წარმოუდგენელი, არამედ საერთოდ არ იცნობდნენ ქართულ ღვინოს“, - აღნიშნულია წერილში.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინო სულ უფრო მეტად ცნობადი და მოთხოვნადი ხდება და სახელმწიფო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რუსეთი ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად რჩება, ნათქვამია წერილში.
საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. კერძოდ, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე აკრძალვა დაუწესდათ ქართულ ავიაკომპანიებსაც.
„როსპოტრებნადზორში“ ორშაბათს აღნიშნეს, რომ საქართველოდან ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის გაუარესების გამო უწყების სპეციალისტებმა მის ხარისხზე კონტროლი გააძლიერეს.
თურნავა: რუსეთი მოცულობითი ბაზარია, არ დავაზარალოთ ჩვენი ბიზნესის ინტერესები >>
„როსსელხოზნადზორის“ პრეს–მდივანმა იულია მელანომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთში საქართველოდან შეტანილი პროდუქციის ოდენობა დიდი არაა და ბოლო პერიოდში პროდუქციის მოწოდებაზე სერიოზული შეფერხებები არ ფიქსირდება.