თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. გამოჩენილი მხატვრისა და მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა პირველად ჩატარდება ლიხტენშტაინის სახელმწიფო მუზეუმში. ამის შესახებ საუბარია თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის განცხადებაში.
ქართველი მხატვრის, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის გამოფენა სახელწოდებით „უფრო მეტი, ვიდრე სიცოცხლე“, ხელოვანის 85 წლისთავს ეძღვნება. გამოფენა 27 ივნისს ლიხტენშტაინის დედაქალაქ ვადუცაში გაიხსნება.
მუზეუმის სტუმრები წერეთლის გრაფიკულ ნამუშევრებსა და ფერწერულ ტილოებს დაათვალიერებენ. ყველა ნამუშევრის სიუჟეტები ეფუძნება ტრადიციებს, ფოლკლორს, მითებსა და რელიგიურ მოტივებს ავტორის ინტერპრეტაციით.
ლიხტენშტაინის მუზეუმში გამოიფინება ზურაბ წერეთლის ნამუშევრები „ავთანდილი პაემანზე მიდის“, „მუსიკა“, „ინესა იყურება სივრცეში“, „მირანდელა“ და სხვ. გამოფენა 2019 წლის 29 სექტემბრამდე გასტანს.
მხატვრის 85 წლისთავთან დაკავშირებით მისი გამოფენები მთელ მსოფლიოში იმართება. იგივე ექსპოზიცია - „უფრო მეტი, ვიდრე სიცოცხლე“ - მიმდინარე წლის იანვარში ლონდონის „საატჩის“ გალერეაში გაიხსნა. მაისში წერეთლის შემოქმედების თაყვანისმცემლებს მისი ნამუშევრების ნახვა შეეძლოთ გამოფენაზე Possible Dimensions, რომელიც ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაიხსნა. ექსპონატები ბაქოში 25 აგვისტომდე იქნება გამოფენილი. მრავალი გამოფენა გაიმართება რუსეთში - სანქტ-პეტერბურგში, ტოლიატიში, სამარაში, სარატოვში, პოდოლსკსა და სხვა ქალაქებში.
თბილისში ზურაბ წერეთლის გამოფენა სახელწოდებით „ჩარლი ჩაპლინი თბილისში“ დედაქალაქის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს.