თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები აღმოვფხვრათ, განაცხადა გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. კერძოდ, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე აკრძალვა დაუწესდათ ქართულ ავიაკომპანიებსაც.
აბაშიძის სიტყვებით, ტურიზმი ყველაზე სწრაფადგანვითარებადი დარგია საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე მოქალაქეებისთვის.
„ეკონომიკურ როლთან ერთად ტურიზმი მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისითათ. რუსი ტურისტები, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ტურისტები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უცხოეთში ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში. ტურიზმის დარგის განვითარების შედეგად ადამიანებს შორის ურთიერთობები ჩვენთვის საკმაოდ ფასეული და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა აბაშიძემ.
ტურისტებს შორის, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ, რუსი ტურისტები პირველ ადგილზე არიან. 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 31%–ით მეტია.