თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ტერიტორიას ტოვებენ და პარლამენტისკენ მიემართებიან, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
ჭელიძე: 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა >>
ათობით ავტომობილმა საყვირებით ჩაიარეს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში. კოლონა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან შსს-ს შენობისკენ 14:00 საათზე დაიძრა. ამგვარად მომიტინგეებმა საპროტესტო აქციების არეალის გაფართოება გადაწყვიტეს. მანამდე აქციის ორგანიზატორებმა ყველას შესთავაზეს პროტესტის ახალი ფორმით გამოხატვა - მათ გააჩერეს ავტომობილები და ერთდროულად ჩართეს საყვირები.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა იყო შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.
„გახარია - გადადექი“ - სკანდირებდნენ ისინი.
ახლა მომიტინგეები რუსთაველზე პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. სწორედ აქ უკვე მეხუთე დღეა იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. დღეს პროტესტი 19:00 საათზე განახლდება.
პროტესტანტების მოთხოვნები უცვლელია: გახარიას გადადგომა, რიგგარეშე პროპორციული საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ყველა დაკავებულის გათავისუფლება.
თავდაპირველად საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადა, პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.
მეორე დღეს აქციის ხასიათი მკვეთრად შეიცვალა - ის ხაზგასმით მშვიდობიანი გახდა, მაგრამ მომიტინგეებმა თავის მოთხოვნებს დაამატეს გახარიას, როგორც დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებელი პირის გადადგომა.