20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებული 19 ადამიანი კვლავ საავადმყოფოებში რჩება, მათ შორის არის 31 წლის ფლორისტი დავით ფარადაშვილი, რომელიც ორი ოპერაციის შემდეგ ახლაც კომაშია.
დაშავებულ მამაკაცთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მომხმარებელი სოფიო კერესელიძე წერს:
„დავით ფარადაშვილი, ჩემი ბიძა, ფლორისტი, მოგზაური და ბუნებისა და სიმშვიდის მოყვარული ადამიანი. გაძლიერდი, დათო, ყველაფერი კარგად იქნება!“
დათო ფარადაშვილზე წერს ასევე მისი მეგობარი ნოდარ ტანგიაშვილიც.
„დათო ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელია, თითქმის ერთად გავიზარდეთ, ხშირად ვთამაშობდით უბანში, მის სახლში. უპატიოსნესი ბიჭი, მშრომელი, კეთილი, ლაღი, მთელი ცხოვრება ყვავილებზე ზრუნავს. პოლიტიკიდან შორს იყო. მისგან ძალადობა გამორიცხულია... მიხაროდა, რომ შევხვდებოდი. დათოს სისხლი თქვენ ხელზეა და თქვენ უნდა პასუხი აგოთ კანონის წინაშე", - წერს ნოდარ ტანგიაშვილი.
20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 პოლიციელია, ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი.