თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაშლიჯვრის ესტაკადა გახსნა, ნათქვამია დედაქალაქის მერიის Facebook-გვერდზე.
მარშალ გელოვანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და ექვს თვეში უნდა დასრულებულიყო. თბილისის მერის განცხადებით, პროექტი იმიტომ შეიცვალა, რომ მშენებლობის დროს მინიმალურად მომხდარიყო გამწვანებული გარემოს დაზიანება.
„ეს პროექტი, რომელიც არის მარშალ გელოვანის გამზირდან დამაკავშირებელი ორკვანძიანი პანდუსი, უკვე დასრულდა და დღეიდან მძღოლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ამ კონკრეტული გზით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტი, რომელიც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, ხოლო საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.
პროექტის მიხედვით, მოძრაობა ასევე განიტვირთება ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.
პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.