თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. საქართველოში სახელისუფლებლო ორგანოების რეფორმის პროგრამის შემდგომი განხორციელება კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი და ყოველმხრივი ზრდის უზრუნველსაყოფად, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პრეს-რელიზში.
სსფ−ს დირექტორთა საბჭომ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე საქართველოს საკითხებზე პროგრამის მეოთხე მიმოხილვა მოიწონა და 41,4 მლნ დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა ტრანშის სახით.
„გონივრული პოლიტიკა და შემდგომი რეფორმები სსფ-ს პროგრამის შესაბამისად ხელს შეუწყობს მიღწეული შედეგების შენარჩუნებას, გაზრდის ეკონომიკის მედეგობას და უზრუნველყოფს მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდას“, - ნათქვამია პრეს-რელიზში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს განათლების რეფორმას, რათა სამუშაო ძალის კვალიფიკაციაში შეუსაბამობა შემცირდეს. სახელმწიფო განათლებაზე გაზრდილი ხარჯები ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ზრდის უფრო ნელი ტემპით დაბალანსდება.
„განათლების სექტორში გასაწევ ხარჯთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ ხელფასის მატება შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ სხვა ღონისძიებების პარალელურად, რაც განათლების ხარისხის ზრდას ითვალისწინებს და განათლების რეფორმის საფუძვლიან დაგეგმვას მოითხოვს“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
პრეს-რელიზში ხაზგასმულია, რომ ახალი კანონი გადახდისუუნარობის შესახებ, საპენსიო სააგენტოს სრულად ამუშავება, სამართლებრივი სფეროს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფ რეფორმებთან ერთად ხელს შეუწყობს ინვესტიციების მობილიზებას.
გარდა ამისა, ენერგომატარებლების ბაზარზე ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმა გაზრდის კონკურენციას ამ ბაზარზე და ხელს შეუწყობს ეფექტურობის ზრდას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი: როდის გაიზრდება ცხოვრების დონე საქართველოში >>
სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, სსფ-მა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი დოლარის გამოყოფას, საიდანაც 207,2 მილიონი დოლარი საქართველომ უკვე მიიღო.
დარჩენილ თანხას საქართველო წლის განმავლობაში მიიღებს, ორი ნახევარწლიანი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.