თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ეს მხოლოდ თავად ნიკა გვარამიას ფანტაზიის ნაყოფია, ან ერთი პროცენტი დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს, აშაყირებს და ცრუ ინფორმაციას აწვდის, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
დღეს, ტელეკომპანია Rustavi 2–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ორ, მათ შორის, სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დღეს ღამით ტელეკომპანიის ძალადობრივად დაკავება იგეგმება.
„მთელი პასუხისმგებლობით და გარანტირებულად შემიძლია, ვუთხრა როგორც ნიკა გვარამიას, ისე ნებისმიერ ადამიანს, რომ მსგავსი თემები ბუნებაში არ არსებობს…ბუნებაში ასეთი წყარო არ არსებობს და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, მსგავსი საფრთხე არ არსებობს. დამშვიდდით, დაწყნარდით, პანიკას ჰაერიდან ნუ თესავთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნიკა გვარამიას განცხადებას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ Rustavi 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უბინძურესი პროვოკაციაა და მიმდინარე საინფორმაციო კამპანია აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას ემსახურება.
„ბოდიში მოიხადონ!“ – კალაძე ოპოზიციას მიმართავს >>
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.