თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უარყო საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანტიას მოისხამს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან 21 ივნისს, თბილისში განვითრებული მოვლენების შემდეგ გადადგა.
კალაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი გუნდში არ ყოფილა. იგი კობახიძის გადაწყვეტილებას ეთანხმება და აღნიშნა, რომ ის ღირსეულად წავიდა თანამდებობიდან.
„ირაკლის გადადგმულ ნაბიჯს მე ღირსეულს ვუწოდებ. ის, რაც მოხდა პარლამენტის დარბაზში, იყო ძალიან მძიმე სანახავი ყველა ადამიანისთვის და ამას მოჰყვა ძალიან მკაცრი განცხადებები ჩვენი მხრიდან. ირაკლი მაგ დღეს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. მან შეწყვიტა ვიზიტი და პირდაპირ ვიტყვი, რომ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია.
არეულობების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობაში ან მონაწილეობაში ბრალდებით 305 ადამიანი დააკავეს.
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გვახარიას გადადგომას, აქციის დაშლის დროს დაკავებულების გათავისუფლებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე, იმ სამართალდამცველების დასჯას, რომლებმაც აქციის დაშლის დროს უფლებამოსილებას გადაამეტეს.