თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ხელისუფლებამ უნდა მისცეს მითითება პოლიციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ძალის გამოყენების წესები, ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ განცხადებაში, რომელიც თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სპეცრაზმმა თბილისში საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შემდეგში პოლიციამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიმართოს ისეთ ზომებს, როგორიც არის რეზინის ტყვიები.
ამასთან, ორგანიზაციას მოჰყავს ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელის გიორგი გოგიას განცხადება, რომელიც ამბობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შეუძლიათ მიმართონ ლეგიტიმურ ზომებს, რათა არ დაუშვან ხალხის მიერ პარლამენტის შტურმი, თუმცა ისინი ვალდებული არიან დაიცვან ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები ძალის გამოყენებისას, მათ შორის, რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას.
არეულობა პარლამენტის წინ: თბილისის საავადმყოფოებში დაშავებულების რაოდენობა იზრდება >>>
„ჰიუმან რაითს ვოტჩის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემონსტრანტებს შორის ზოგიერთი პოლიციას წყლის ბოთლებს ესროდა, თუმცა დემონსტრანტები ძირითადად იყვნენ არამოძალადეები. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს და ნახეს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სპეცრაზმელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის აღმოჩნდა, თუმცა ხალხი მათ უსაფრთხო ადგილზე მიაცილებდა.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დაახლოებით შუაღამით ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო. „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენების შესახებ გაეროს საბაზისო პრინციპების თანახმად, პოლიციამ ძალისა და იარაღის გამოყენებამდე უნდა მიმართოს არაძალადობრივ საშუალებებს, როგორიცაა ტერიტორიის გათავისუფლების მოთხოვნა.
„ძალის გამოყენების დროს სამართალდამცველებმა უნდა გამოიჩინონ თავშეკავებულობა, იმოქმედონ არსებული საფრთხის პროპორციულად და ეცადონ მინიმუმამდე დაიყვანონ ზარალი და ზიანი“, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.
ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, განუცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.