თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებულები თბილისის რამდენიმე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ბოლო მონაცემებით, ინგოროყვას კლინიკაში 28 დაშავებული რჩება. 7 პაციენტი გაეწერა, ხოლო 3 ადამიანს ოპერაცია უკეთდება.
რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკის სტაციონარს, იქ აქციაზე დაშავებული 8 პირი რჩება.
„სულ შემოსულია 11 პაციენტი, რომელთაგან ერთი ქალი და ათი მამაკაცია. მათ სხვადასხვა სახის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ. შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ, დაზიანებები დამუშავდა. ნაწილი ბინაზე გაეწერა. ნაწილი კლინიკას სავარაუდოდ მალე დატოვებს. ამ დროისთვის კლინიკაში 8 ადამიანია მოთავსებული. სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ. ამ დროისთვის ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის დირექტორმა მარინა გელანტიამ.
დაშავებულები ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საავადმყოფოში რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას დაშავებული 13 პაციენტია შესული, ამასთან ეს რიცხვი სულ იცვლება.
„ძირითადად ეს რეზინის ტყვიებით მიყენებული სხვადასხვა დაზიანებაა, გაზით მოწამლულია ერთი გოგონა“, - განაცხადა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოფოძემ.
ამჟამად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა მიმდინარეობს. პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს. თუმცა აქციის მონაწილეები არ იშლებიან.
საპროტესტო აქცია დღეს საღამოს დაიწყო. ვითარება რამდენჯერმე სერიოზულად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული. რამდენიმე ადამიანი ჭყლეტვაში შეუძლოდ გახდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შედეგად ათობით ადამიანი დაიჭრა და ინტოქსიკაცია მიიღო. მიმდინარეობს დაკავებები.
ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებს „პროტოკოლის შეცდომა“ უწოდეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებს ქართული საზოგადოების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს. მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.